მინსკის ტრაქტორის ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრისას ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში განმეორებით არჩევნებს არ დაუშვებს და ამის ყველანაირი შესაძლებლობა წინასწარ გამორიცხა. ამის შესახებ რუსული Forbes წერს.

"ვერ ეღირსებით, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო", — განაცხადა მეექვსე ვადით გაპრეზიდენტებულმა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ თუ საწარმოს თანამშრომლებს მუშაობა არ უნდოდათ და ამიტომ გამოდიოდნენ აქციაზე, მათ შეეძლოთ, სამსახურიდან წასულიყვნენ.

"არჩევნები არ იქნება. იმიტომ, რომ [ასეთ შემთხვევაში] არ იქნება მინსკის ტრაქტორის ქარხანა, არ იქნება მინსკის ავტომობილის ქარხანა და არც ბელარუსული ავტომობილის ქარხანა. ნახევარ წელში ჩვენ ყველაფერს გავანადგურებთ", — ლუკაშენკოს ეს განცხადება სამთავრობო გამოცემა Belta-ზე გამოქვეყნდა.

ასევე, ტელეგრამის არხ TUT-ზე გამოქვეყნდა დიალოგი ლუკაშენკოსა და მინსკის ტრაქტორის ქარხნის თანამშრომლებს შორის:

— თქვენ საუბრობთ უსამართლო არჩევნებზე და გსურთ, სამართლიანი არჩევნები?

— დიახ!

— ამ კითხვაზე გპასუხობთ, რომ არჩევნები უკვე ჩავატარეთ. სანამ არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება.

გარდა ამისა, ისმის ხალხის მოწოდება — "წადი!", რასაც ლუკაშენკო მადლობით პასუხობს და ამბობს, რომ შეუძლიათ, ყვირილი განაგრძონ.

ქარხნის თანამშრომლების შეძახილზე — "როგორ შეიძლება ასე თავხედურად იტყუებოდეთ", ლუკაშენკომ ისევ მადლობა გადაიხადა.

"მადლობა, მადლობა. მარცხნივ ამ ჯგუფს ვხედავ... გხედავთ, ნუ ნერვიულობთ", — უპასუხა ლუკაშენკომ და იმ ადგილისკენ მიუთითა, საიდანაც შეძახილები ისმოდა.

ბელარუსში მიმდინარე მასობრივი გამოსვლებისა და აქციების პარალელურად, ლუკაშენკო ძალაუფლების დათმობას არ აპირებს და დახმარებას პუტინს სთხოვს, რომელიც, თავის მხრივ, ტრადიციულ მეთოდს იყენებს და ლუკაშენკოს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალებით დახმარების პირობა მისცა, რომელიც სამხედრო გაერთიანებაა და მის შემადგენლობაში 18 000 ადამიანია.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ნაწილი პოლიციამ დააკავა. გარდაცვლილია ორი ადამიანი.