ბელარუსის მთავრობა ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის შესაბამისად გადადგა. მთავრობამ გადადგომის წერილით პრეზიდენტ ლუკაშენკოს უკვე მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მთავრობის 15 აგვისტოს შესაბამისი რეზოლუცია სამთავრობო პორტალზე დღეს გამოქვეყნდა.

მთავრობის გადადგომა საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება — ბელარუსის კონსტიტუციის მიხედვით, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდგომ, პროცედურულად გათვალისწინებულია მთავრობის გადადგომა.

ამჟამად, პრემიერმინისტრი და მთელი მინისტრთა კაბინეტი მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებიან, სანამ ლუკაშენკო ახალ მთავრობას არ დააკომპლექტებს.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ნაწილი პოლიციამ დააკავა. გარდაცვლილია ორი ადამიანი.

14 აგვისტოს კი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს და აღნიშნეს, რომ შედეგები გაყალბებულია, ამიტომ ევროკავშირი ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ შედეგებს არ ცნობს. მათ სანქციების დაწესებაც გადაწყვიტეს.

ბელარუსში პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახლა მის სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ.