მართალია, პირბადეების ტარება ბევრი ჩვენგანისთვის უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, მაგრამ გარეთ ყოფნისას მაინც ხშირად ვაწყდებით ისეთ ხალხს, ვინც უსაფრთხოების ზომებს არ ითვალისწინებს.

ერთმა ამერიკელმა იუთუბერმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ორიგინალური გზა შეიმუშავა: მან გამოიგონა იარაღი, რომელიც პირბადეებს ისვრის.

ალენ პანმა, რომლის YouTube-ს არხ Sufficiently Advanced-ს 1.3 მილიონი გამომწერი ჰყავს, თქვა, რომ ბევრი ამერიკელი პანდემიის სიმწვავის მიუხედავადაც კი არ ატარებს პირბადეებს, და თავისი ქმნილების ვიდეო გააზიარა.

"მგონია, რომ ხალხი, უბრალოდ, არ ატარებს პირბადეებს, როცა ასე არ უნდა იყოს. ჰოდა, რა მოვუხერხოთ ამ ამბავს?" — ამბობს პანი ვიდეოში.

ის ჯერ ხსნის, თუ რამდენი სასარგებლო ვიდეო არსებობს პირბადის ტარების უპირატესობებზე, შემდეგ კი ამერიკელებისთვის მეტად მიმზიდველ საკითხზე იწყებს საუბარს: აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებაზე.

"ამერიკულ პრობლემებს გადაჭრის ამერიკული გზები სჭირდება. ვაპირებ, მეორე შესწორება ჯანდაცვასთან გავაერთიანო. კი, ასეა: იარაღები და საჯარო უსაფრთხოება. ბუმ! ყველაფრიდან საუკეთესო".

ფოტო: Sufficiently Advanced / YouTube

იუთუბერმა ინოვაციური "პირბადის თოფი" ჯერ მოდელზე დატესტა, შემდეგ კი საჯარო სივრცეშიც გაიტანა, სადაც აღმოაჩინა, რომ პირბადეებს მოსალოდნელზე მეტი ადამიანი ატარებს.

"არ ვიცი, დღის მონაკვეთის დამსახურება იყო თუ ადგილობრივებისა და ტურისტების პროცენტული გადანაწილების, ან იქნებ, უბრალოდ, ნელ-ნელა ხალხი პირბადეების იდეას ეგუება, მაგრამ აქ უკვე ძალიან ბევრს უკეთია პირბადე!" — ამბობს ამერიკელი.

ვიდეოს ბოლოში პანი ხალხს ნიღბის მსროლელის სატესტო თოჯინაზე გამოცდის საშუალებას აძლევს, სადაც მსროლელები ისინი არიან — ამას ზოგი წარმატებით ახერხებს, ზოგიც წარუმატებლად, თუმცა, ალბათ, ასეთ რამეს ცოტა ვარჯიშიც სჭირდება.

შემდეგ იუთუბერი ხალხს ეკითხება, ესროდნენ თუ არა ისინი პირბადეს ვინმეს სუპერმარკეტში, ვინც მას არ ატარებს. "დიახ!" — პასუხობს ერთ-ერთი ქალი.

იხილეთ YouTube-ს სრული ვიდეო: