ალბათ, ყველას გვახსოვს Game of Thrones-ის დასასრული, ოღონდ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს საკულტო სატელევიზიო შოუ დასრულდა, არამედ იმიტომაც, რომ ფინალურმა სეზონმა განსაკურებულად ხმაურიანი ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები დაიმსახურა.

სწორედ ამის გამო ფანების ნაწილმა სპეციალური პეტიციაც კი შექმნა, რომლითაც სერიალის ბოლო, მერვე სეზონის თავიდან გადაღებას ითხოვდნენ. პეტიციას თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

როგორც აღმოჩნდა, ამ პეტიციის მოწოდებით არა მხოლოდ ფანები, არამედ შოუს შემქმნელებიც კი სერიოზულად დაინტერესდნენ: სერიალში ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ლამის ხელიც კი მოაწერა ამ პეტიციას.

"ამ პეტიციის შესახებ ვიცოდი. გავიგე, რომ ფანებს დასასრულის ხელახლა გადაღება სურდათ და ეს ძალიან სასაცილო იდეად მეჩვენა. მეტიც — ლამის მხარიც კი დავუჭირე. HBO-შიც დაფიქრდნენ, მართლა ხომ არ ღირდა ამის გაკეთება, რახან ამდენი ადამიანი ითხოვდა", — გაიხსენა მსახიობმა.

კოსტერ-ვალდაუს თქმით, ასეც რომ მომხდარიყო, ფანები, ალბათ, მაინც უკმაყოფილოები იქნებოდნენ:

"ყველას თავისი შეხედულება აქვს. ვფიქრობ, ფანების სამყარო ძალიან საინტერესოა. ყველას სპეციფიკურად განსხვავებული რამ სურდა, ვიდრე რეალურად იხილეს ეს ეკრანებზე. ერთი მხრივ, საკუთარი შეხედულება გაქვს, თუ როგორი უნდა იყოს დასასრული, მეორე მხრივ კი იცი, რომ ისტორია მთლიანად მთავრდება, ეს კომბინაცია კი ყველას გაბრაზებას იწვევს. რვა სეზონის განმავლობაში ჩვენ ყველანი ამ ამბებით ვცხოვრობდით და სერიალს დღემდე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მგონი, ყველას იმის ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ უკვალოდ გაქრებოდა".

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ სერიალში Game Of Thrones

ფოტო: HBO

ფანების ნეგატიურ რეაქციებს მანამდე ამ სერიალის სხვა მსახიობებიც გამოეხმაურნენ: მაგალითად, რუხი ჭიის როლის შემსრულებელმა, ჯეიკობ ანდერსონმა აღნიშნა, რომ ფანების მსგავსი დამოკიდებულება შოუს შემქმნელების თავდაუზოგავ შრომას აუფასურებს; ემილია კლარკის აზრით კი, ნებისმიერი დასასრული მიუღებელი იქნებოდა ფანებისთვის.

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ძალიან ენატრება Game of Thrones-ზე მუშაობა:

"ჩემი მეგობრები მენატრება. რვა, ცხრა, თითქმის ათი წელი გავატარეთ ერთად... და დავმეგობრდით. ამიტომაც ძალიან მენატრება ისინი. ეს დაუჯერებელი, გამორჩეული გამოცდილებაა. როცა პროექტი ასეთი წარმატებული ხდება, სულ სხვანაირი გამოწვევის წინაშე დგები. თუმცა ამის მიუხედავადაც კი, მასზე მუშაობა ყოველთვის სასიამოვნო იყო".