ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარი მოწინააღმდეგე, სვეტლანა ტიხანოვსკაია მორიგ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ მზად არის ეროვნული ლიდერი გახდეს.

ის ბელარუსის მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ დაუსრულებელი წრის გარღვევის ძალას მას მომიტინგეები აძლევენ.

"მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა და ეროვნული ლიდერი გავხდე, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს", — აცხადებს ტიხანოვსკაია.

მისივე თქმით, უახლოეს პერიდოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საკანონმდებლო ბაზა უნდა მომზადდეს.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ტიხანოვსკაია ლიტვაში გაემგზავრა. მისი მომხრეები ირწმუნებოდნენ, რომ მას ეს გადაწყვეტილება სამთავრობო ძალების ზეწოლის შედეგად მიიღო.

ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები მინსკში დღემდე არ წყდება.

მასშტაბური საპროტესტო აქციები ქვეყნის ყველა ქალაქში მიმდინარეობს და გაფიცვებში ყველა მსხვილი საწარმოა ჩართული. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს კვლავ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ შედეგები გამოქვეყნდა. ლუკაშენკო ქვეყანას 26 წელია მართავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციების მიმდინარეობისას პოლიციამ აქციის ათასობით მონაწილე დააკავა. გავრცელდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებაც.