აშშ-ის სურსათისა და მედიკამეტნების სააგენტომ (FDA) COVID-19-ის გამოსავლენად ნერწყვის ტესტერების გამოყენების ნებართვა გასცა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე იაფი და ნოვატორული ტესტერების გამოყენება გადაუდებელ შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.

ახალ ტესტერს SalivaDirect ჰქვია და მისი შემქმნელები იელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევრები არიან. SalivaDirect-ის საშუალებით გამოსაკვლევი ნერწყვის ნიმუში სტერილურ კონტეინერში ინახება. ამასთან ეს იმაზე გაცილებით ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა, ვიდრე — ამჟამად პრაქტიკაში არსებული ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან ნაცხის აღება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზი უფრო მგრძნობიარეა. ახალი ტესტი სხვა ტესტებში გამოყენებულ ქიმიურ რეაგენტებს არ საჭიროებს, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევთ, რომ 3 საათზე ნაკლებ დროში 90-მდე ანალიზი გააკეთონ. აღნიშნული მაჩვენებელი დიდ ლაბორატორიებში პროცესის ავტომატიზირების შემდეგ კიდევ უფრო მაღალი იქნება.

იელის უნივერსიტეტი გეგმავს, რომ ტესტირების პროტოკოლზე წვდომა ქვეყნის ყველა ლაბორატორიისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. ეს მათ საშუალებას მისცემთ, ახალი მეთოდის ათვისებით ფინანსური დანახარჯი მნიშვნელოვნად შეამცირონ და მუშაობის სისწრაფე საგრძნობლად გაზარდონ. ტესტირებისთვის საჭირო რეაგენტების ფასი $5-ზე ნაკლებია. იელის უნივერსიტეტის გათვლებით, ლაბორატორიებმა ერთი ტესტირებისთვის დაახლოებით $10-მდე უნდა აიღონ, თუმცა ზუსტი კომერციული ფასი ჯერ კიდევ დასათვლელია.

"COVID-19-ის დიაგნოსტირება ნერწყვის ნიმუშების გამოყენებით, მისი მაღალი ეფექტიანობისა და რეაგენტების დაზოგვის გათვალისწინებით, ჭეშმარიტად ნოვატორული მიდგომაა", — აცხადებს FDA-ს კომისარი, სტივენ ჰანი. აღსანიშნავია, რომ აქამდე სააგენტომ 4 სხვა, ნერწყვის ნიმუშზე დაფუძნებულ ტესტის აუნთო მწვანე შუქი, თუმცა ტესტირებაში მათ ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები აჩვენეს

FDA-ს ეს გადაწყვეტილება აშშ-ში მიმდინარე პანდემიის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოცემულ მომენტში ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, რაც გარკვეულწილად ტესტირებისათვის საჭირო რეაგენტების დეფიციტით არის გამოწვეული. სწრაფი და ეფექტიანი ტესტირების არარსებობის პირობებში, მთავრობისა და მეცნიერთათვის ვირუსის სამომავლო ნაბიჯების პროგნოზირება საგრძნობლად რთულდება. ამიტომაც FDA-ს ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სპეციალისტთა შორის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

იელის ნერწყვის ტესტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას შეიცავს — ცხვირ-ხახის ტესტერისგან განსხვავებით, მას ვირუსის გენეტიკური მასალის მისაღებად სპეციალური საშუალება არ სჭირდება. ეს ტესტირების არეალის გაფართოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც კვლევისთვის საჭირო მასალის დეფიციტის რისკი მინიმუმამდე დადის. აღნიშნული ლოგისტიკური პრობლემა ზოგადად ტესტირების სიჩქარეს მნიშვნელოვნად ამცირებდა.

ფართო ტესტირება კონტროლის ხელში ჩასაგდებად უმნიშვნელოვანესია. თუ SalivaDirect-ის მსგავსი იაფი ალტერნატივები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი გახდება, შესაძლოა, რომ ჩვენ პანდემიასთან გამკლავება ვაქცინის შექმნამდეც კი მოვახერხოთ

ნათან გრუბო, იელის უნივერსიტეტის მკვლევარი

მკვლევართა გუნდმა SalivaDirect უკვე პრაქტიკაშიც გამოსცადა. ამაში მათ NBA-ს მოთამაშეები, მწვრთნელები და პერსონალი დაეხმარათ. იელის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტესტირება ასიმპტომურ ადამიანებს უტარდებათ.