ტვიტერზე აქტიურობით გამორჩეულმა ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში კომპანიის ელექტრომობილების უჩვეულო განახლების შესახებ დაწერა: როგორც ჩანს, ახალი მოდელები ქუჩაში სხვა მანქანების გაფრთხილებას თხის კიკინის მსგავსი სიგნალით შეძლებენ.

როცა ტვიტერის მომხმარებელმა მასკს შეახსენა, რომ ის ტესლას მომხმარებლებს თხის ხმიანი სიგნალის ფუნქციის დამატებას დაპირდა და ჰკითხა, ეს განახლება შეზღუდული რაოდენობის მოდელებზე გახდებოდა ხელმისაწვდომი თუ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით ფუნქცია ყველა ელექტრომობილს დაემატებოდა, მან პასუხად მიიღო, რომ "ეს სიახლე ნამდვილად გზაში არის". მასკისვე თქმით, აქამდე პრობლემა ის იყო, რომ ძველ მოდელებს გარე დინამიკი არ ჰქონდათ.

განახლება ახალ მოდელებზე იქნება ხელმისაწვდომი. მასკმა ეს დაპირება ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გასცა, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, დავიცადოთ და ვნახოთ, ახალი ხმები მართლა თუ დაემატება მოდელებს.

თუმცა ტესლას ელექტრომობილების მძღოლებს სხვა, უფრო სერიოზული სიახლეც ელით. მალე მოდელები ცუდი გზების ავტომატურად გამოვლენას შეძლებენ. მასკის თქმით, ტესლას ავტონომიური სისტემა ორმოებს ან ამობურცულობებს პრობლემურ ადგილებად განსაზღვრავს. ეს მანქანას საშუალებას მისცემს, ავტომატურად მოახდინოს რეაგირება, რაც სიჩქარის შემცირებით ან წინაღობისთვის გვერდის ავლით გამოიხატება.

კიდევ ერთი ფუნქცია, რომლის დამატებაც დიდი ხანია, იგეგმება, ტესლას აპლიკაციისთვის ორფაქტორიანი ამოცნობის სისტემის, 2FA-ის დანერგვაა. მისი დახმარებით, მფლობელი ელექტრომობილის დაქოქვას, კარების გაღებას და მის დაპარკინგებას ან ავტოსადგომიდან გამოსვლასაც კი აპლიკაციის დახმარებით შეძლებს. თუმცა, აპლიკაციაში ამ ფუნქციის დამატება არც ისე უსაფრთხოა, რადგან მასზე წვდომისთვის ტესლას მომხმარებლის სისტემაში შესასვლელი მონაცემების ქონაც საკმარისია.

აპრილში მასკმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების დამატებითი შრის უზრუნველსაყოფად ტექსტური შეტყობინებით მიღებული კოდის შეყვანაც გახდება სავალდებულო. 14 აგვისტოს კი მან განაცხადა, რომ განახლება ტესტირების ბოლო ფაზას გადიოდა და ბოდიში მოიხადა ფუნქციის დამატების "სამარცხვინოდ დაგვიანებისთვის". ამის მიუხედავად, მას მაინც არ დაუსახელებია ზუსტი დრო, როცა 2FA ხელმისაწვდომი გახდება.