საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში სამთავრობო თვითმფრინავით ბელარუსში საქართველოს ელჩი გაფრინდა.

უწყებაში ამბობენ, რომ ბელარუსში საქართველოს ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან საქართველოში იმყოფება, თუმცა ბოლო დღეებში იქ განვითარებული მოვლენების გამო, საჭირო გახდა მისი "მყისიერი დაბრუნება" მინსკში.

"გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ", — აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.

"შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელორუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად. იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს", — აღნიშნულია განცხადებაში.