ადამიანის უფლებათა ცენტრი საერთო სასამართლოებში მიმდინარე ან უკვე დასრულებულ იმ საქმეებს აქვეყნებს, რომელიც, მათი განმარტებით, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ ეტაპზე, ცენტრის დაკვირვების ქვეშ 20 საქმე მოექცა.

სიაში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სამი საქმეც მოხვდა. მათ შორის, ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმე, რა დროსაც უგულავა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქონების მითვისების ან გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს. იგი საპატიმროდან 2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გამოვიდა. ასევე, უგულავას ე.წ ფულის გათეთრების და აეროპორტის საქმეები.

გარდა ამისა, ჩამონათვალშია დეპუტატი ნიკა მელიას ორი საქმე. მათ შორის, ბრალდება, რომლის ფარგლებშიც მელიას 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

სიაშია ირაკლი ოქრუაშვილის ორი — ბუტა რობაქიძისა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეც, სადაც მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ჩამონათვალში ასევე მოხვდა ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმეც, რის ფარგლებშიც მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცენტრის პოზიციით, მთავარის მეორე დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეც პოლიტიკურ ნიშნებს შეიცავს.

ამავე სიაშია მიხეილ სააკაშვილის საქმეც, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას ეხება. სააკაშვილის გარდა ბრალი წარდგენილი აქვთ ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას.

სრული სია ასეთია:

  • გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმე);
  • გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმე;
  • გიორგი უგულავას საქმე (ე.წ აეროპორტის საქმე);
  • ნიკანორ მელიას საქმე;
  • ნიკანორ მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმე;
  • ირაკლი ოქრუაშვილის საქმე;
  • ირაკლი ოქრუაშვილის საქმე (ე.წ ბუტა რობაქიძის საქმე);
  • კობა კოშაძის საქმე;
  • გიორგი რურუას საქმე;
  • მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე;
  • ნიკა გვარამიას საქმე;
  • მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე;
  • მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას საქმე;
  • ლაშა ჩხარტიშვილის საქმე;
  • ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე;
  • ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე;
  • გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმე;
  • ყოფილი სპეცრაზმელების საქმეები;