ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 14 აგვისტოს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ბელარუსის მოსახლეობის სურვილს განხორციელდეს ცვლილებები დემოკრატიისთვის.

მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი. მათი განცხადებით, შედეგები გაყალბებულია, ამიტომ ევროკავშირი ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ შედეგებს არ ცნობს.

"მინისტრები ასევე შეთანხმდნენ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ძალადობაში, რეპრესიებსა და არჩევნების შედეგების გაყალბებაში მონაწილე ყველა პირისთვის. ბელარუსისთვის სანქციების დამატებით ჩამონათვალზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირმა მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე, გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული და საფუძვლიანად გამოიძიოს ყველა არაადამიანური ქმედება თუ შესაძლო ძალადობა.

მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე მადლობა გადაუხადეს ჟურნალისტებს, რომელთაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და დაგმეს მათზე ძალადობებისა თუ თავდასხმების მცდელობები.

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

ბელარუსში პროტესტი გრძელდება. პროტესტანტები არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახლა მის სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ.