ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალზიაცია მომავალი წლიდან ამოქმედდება. ამის შესახებ მან სტრასბურგში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განახლებულ შეჩერების მექანიზმს უყრიან კენჭს.

ტელეკომპანია იმედის თარგმანის თანახმად, აუსტრევიჩუსის თქმით, სტრასბურგში გამართული დღევანდელი კენჭისყრა იქნება ერთგვარი საშობაო საჩუქარი საქართველოსა და უკრაინისთვის:

"ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს ავტომატური შეჩერების მექანიზმს. ეს არის განახლებული ვარიანტი, რომელზეც შეთანხმება მიღწეულია. საქართველოსა და უკრაინისთვის ეს იქნება ერთგვარი საშობაო საჩუქარი. თქვენ თქვენი ვალდებულება უკვე შეასრულეთ დიდი ხნის წინ, ევროკავშირმა კი დააგვიანა, რის გამოც საქართველო და უკრაინა მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. არ შემიძლია ზუსტი თარიღი დაგისახელოთ, თუ როდის ამოქმედდება ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ჩემი მხრიდან პირობას ვდებ რომ ეს ძალიან მალე იქნება. ვიმედოვნებ, საქართველოსთვის ეს იქნება მომავალი წლის დასაწყისში".