"თუ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, არ უქმნი კოალიაციას, მაშინ ლოგიკურად არის მეორე, ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი" — ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დვით ბაქრაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, კოალიციურ მთავრობაში სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არ იქნებიან.

"ერთიან ნაცონალურ მოძრაობაზე თავდასხმა და მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე, ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომელიც, მაგალითად, ღარიბაშვილის ენით ახმოვანებს იმას, რომ ნაცინალური მოძრაობა საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. შესაბამისად, ეს დააზიანებს რა თქმა უნდა იმ საერთო ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს თუნდაც საერთო მაჟორიტარების ჭრილში და ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც უკვე 8 წელია მოღებული აქვს მიზანში ქართულ ოცნებას", — ამბობს ხატია დეკანოიძე მთავარ არხთან.

მისივე განცხადებით, ახლა საერთო მიზანი და ოპოზიციის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს

"ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი ოპოზიციის ყველა იმ პარტიის, რომლის მთავარი მიზანი არის სწორედ ქართული ოცნების დამარცხება და არა საკუთარი ამბიციების ზოგად მიზანზე მაღლა დაყენება", — აღნიშნა დეკანოიძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ღამის კურიერში თქვა, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან, მათ შორის, არც პრემიერმინისტრად. ბაქრაძეს ამ ინტერვიუში ზოგადად ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაზე არ უსაუბრია.