ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საკარანტინო პროექტის დისკრედიტაციის "მიზანმიმართული მცდელობების ტრენდი" შეინიშნება.

"ბუნებრივია, მცდელობები ვერ მართლდება, თუმცა, მნიშვნელოვანია ვიყოთ გულწრფელი და გამოვავლინოთ ის რეალური მიზეზი, თუ რატომ გააქტიურდა მსგავსი მცდელობები. ეს ეხება ძირითადად, იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ აღნიშნული საკითხებით თავი აარიდონ იმ 14 და უკვე 12 დღიან სავალდებულო კარანტინის პერიოდს", — აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისი განცხადებით, საკარანტინო პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს მეთაურობით შექმნა, კორონავირუსთან ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა.

"აქვე დავკონკრეტდები, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში გამოკვეთილია 300-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება COVID-19 ის იმპორტირებას ჩვენს ქვეყანაში. ალბათ, მარტივია საზოგადოებისთვის და მედიისთვის, რომ შეაფასონ, თუ რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნული 300 ადამიანი რომ არ მოხვედრილიყო საკარანტინო სივრცეში და ჩვენ გვექნებოდა, ფაქტობრივად, მასიური გავრცელება", — აღნიშნა მან.

ქვრივიშვილის თქმითვე, ქვეყანაში, კორონავირუსის შემოტანა გრძელდება, ამიტომ ამის ყველაზე ეფექტური პრევენცია არის საკარანტინო სივრცეები.