ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეკომენდაციების თანახმად, სკოლის მოსწავლეებს სასწავლო პროცესში გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ, მათ შორის, ხელების დაბანა წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას.

ახალი რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლემ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში უნდა დაიმუშავოს, თუ ხელების დაბანას თხევადი საპნით ვერ ახერხებს. ამასთან, მოსწავლე ვალდებულია დახველებისა და დაცემინების დროს გამოიყენოს სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ახალი რეკომენდაციები მოსწავლეებს მოუწოდებს, რომ არ გამოიყენონ სხვისი ნივთები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ექიმს მიმართონ.

ამავე რეგულაციების მიხედვით, მოსწავლე ვალდებულია სწავლების პერიოდში თმა შეიკრას, რათა მაქსიმალურად შეზღუდოს თმების სახის ზედაპირზე შეხება.

რეკომენდაციები ასევე, შემუშავებულია მშობლებისთვისაც. ახალი რეგულაციების თანახმად, მშობელი ვალდებულია, ცხელების ან რესპირატორული დაავადების შემთხვევაში მოსწავლე სკოლაში არ გაუშვას, ხოლო თუ სკოლაში იმყოფება გაიყვანოს სასწავლო პროცესიდან და სახლში მოსწავლის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შეატყობინოს კლასის დამრიგებელს.

ასევე, მშობელი ვალდებულია, ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას მიმართოს ოჯახის ექიმს, ცხელების ცენტრს ან შესაბამის სამედიცინო სამსახურს და ბავშვს ჩაუტაროს PCR ტესტირება.

რაც შეეხება შესვენებებს, რეკომენდებულია, რომ გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ დროს დაიგეგმოს. ამასთან, შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. რეგულაციების მიხედვით, სკოლის ეზოებში ან ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზებაც შესაძლებელია, თუმცა შესაბამისი დისტანციის დაცვით.

საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა შორის სავალდებულო დისტანციად კი 1 მეტრი განისაზღვრა. რეკომენდაციების თანახმად:

  • მაგიდები უნდა განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;
  • თუ მოსწავლეები დასხდებიან ერთმანეთის პირისპირ, მაგიდები უნდა განლაგდეს იმგვარად, რომ მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა;

ასევე, საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

რეკომენდაციები შეეხო სკოლებში კვების პროცესსაც. ახალი წესების თანახმად, სკოლის ბუფეტი/სასადილო იმ შემთხვევაში იფუნქციონირებს, თუ მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა შესაძლებელია. რეკომენდაციების თანახმად, საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით ანუ ლანჩ-ბოქსით ტარება.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსწავლეებს, ასევე, მოუწოდებს, რომ საკვების მიღების წინ ხელები წყლით და საპნით დაიბანონ, რადგან საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდებული. ამასთან, სასადილოებში არსებული ყველა ონკანი უნდა მუშაობდეს გამართულად, ხოლო შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.

ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა მოსწავლეთა ტრანპორტირებისთვისაც. ახალი წესების მიხედვით, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს სკოლის ტრანსპორტში ასვლამდე. ასევე, ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, მოსწავლის, მასწავლებლისა და მძღოლისთვის, სავალდებულოა პირბადის გამოყენება.

რაც შეეხება, ზოგად რეკომენდაციების სკოლებისთვის:

  • დაწესებულების შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
  • შესასვლელთან უნდა განხროციელდეს თერმოსკრინინგი, რათა სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით გაკონტროლდეს;
  • ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები უნდა განთავსდეს დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი;
  • სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები უნდა აღიჭურვოს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით;
  • სანიტარიული წერტილები უნდა დასუფთავდეს ყოველი დასვენების შემდეგ.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 წლის სასწავლო პროცესი 2084 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს განახლდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, სკოლის შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის, გარდა მოსწავლისა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

ასევე წაიკითხეთ: