დღეიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება. თავდაპირველად ითქვა, რომ ამ თანხას მხოლოდ 17 წლამდე ასაკის ადამიანები მიიღებდნენ, თუმცა გვერდზე, რომელზეც რეგისტრაციის გავლაა საჭირო, მითითებულია, რომ ერთჯერადი დახმარება 18 წლამდეა გათვალისწინებული.

უკვე ცნობილია იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა სისტემაში შეყვანაც იქნება საჭირო ამ დახმარების მისაღებად. თავდაპირველად, მოამზადეთ შემდეგი მონაცემები:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

შემდეგ უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე daxmareba.moh.gov.ge, სადაც დაგხვდებათ შემდეგი ფანჯარა:

თუ უკვე არ ხართ რეგისტირებული ამ გვერდზე, თავდაპირველად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ. შეგხვდებათ ასეთი ფანჯარა, სადაც თქვენი და ბავშვის მონაცემები უნდა ჩაწეროთ. ტელეფონის ნომრის მითითების შემდეგ, დააწკაპეთ ღილაკზე სმს გაგზავნა, რის შემდეგაც მობილურზე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS), სადაც იქნება კოდი, რომელიც ამ ჩამონათვალის ბოლო გრაფაში უნდა შეიყვანოთ.

მას შემდეგ, რაც დააწკაპებთ რეგისტრაციის ღილაკს, გამოჩნდება ასეთი ფანჯარა, სადაც ირჩევთ გასვლას.

ამის შემდეგ აღმოჩნდებით იგივე გვერდზე, სადაც რეგისტრაცია გაიარეთ. ამჯერად არა რეგისტრაცია, არამედ ავტორიზაცია დაგჭირდებათ. შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, უნდა დააწკაპოთ ღილაკზე სმს გაგზავნა. ეს მესიჯი ერთი წუთის განმავლობაში "მუშაობს", ანუ თუ გვიან შეიყვანთ, სისტემაში ვერ შეხვალთ. იმ შემთხვევაში, თუ კოდი ერთი წუთის განმავლობაში არ მოვიდა, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ სმს გაგზავნა ღილაკზე ხელახლა დაწკაპეთ.

როცა სისტემაში შეხვალთ, ავტომატურად იქნება შევსებული შემდეგი ველები:

  • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი ნომერი;
  • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გვარი;
  • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი;
  • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი;
  • ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტი);
  • მობილური ტელეფონის ნომერი.

ქვედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება მწვანე ღილაკი, რომელზეც წერია ბავშვის რეგისტრაცია. დააწკაპეთ ამ ღილაკს. შემდეგ გამოჩნდება ეს გრაფა, რომელიც უნდა შეავსოთ. მიჰყევით აქვე მითითებულ ინსტრუქციას, ანუ ჩაწერეთ ბავშვის პირადი ნომერი, შემდეგ მისი გვარი და დააჭირეთ გადამოწმების ღილაკს. როცა გადამოწმების პროცესი დასრულდება, ეკრანზე ბავშვის მონაცემებს დაინახავთ. ამის შემდეგ, უნდა დააწკაპოთ ღილაკს რეგისტრაცია.

შეიძლება ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდეს, რადგან სისტემა ამოწმებს სწორია თუ არა შემდეგი მონაცემები:

  • პირადი ნომრისა და გვარის შესაბამისობა;
  • ასაკი (ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 17 წელს);
  • მოქალაქეობა;
  • გარდაცვალება;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი (შედარდება საქართველოს
    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან
    რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის);
  • სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნა (გადამოწმდება ბავშვთა ზრუნვის
    სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან).

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ ეს ყველაფერი დაადასტურა, ეკრანზე გამოჩნდება ბავშვის მონაცემები და შეგეძლებათ დააწკაპოთ მწვანე ღილაკს — რეგისტრაცია. ამის შემდეგ განაცხადი იგზავნება სოცუალური მომსახურების სააგენტოში.

ხოლო თუ ბავშვისა და მშობლის კავშირი არ დადასტურდა, ეკრანზე გამოვა შეტყობინება მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვის შესახებ. დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა და მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბავშვის და მშობლის კავშირის არ დადასტურების შემთხვევა მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენელის მიერ უნდა მოხდეს იმდენი ბავშვის დამატება რამდენი 18 წლამდე ბავშვიც ჰყავს.

დახმარება ერთჯერადია და მას მხოლოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, დახმარება მშობლების ანგარიშზე 15 სექტემბრამდე, ანუ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩაირიცხება.