შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, ვინც 6 აგვისტოს ხობში, სოფელ შუა ქვალონში სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა", — აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ის ხობში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ქვა 6 აგვისტოს ისროლეს, რის შედეგადაც ერთი მგზავრი დაშავდა.