ბუნება გასაოცარი პატარა არსებებითაა სავსე, მათგან ზოგიერთი კი საკმაოდ მიმზიდველია. თუმცა არსებობს ბაყაყის ერთი სახეობა, რომელიც წარმოუდგენლად საყვარელია — ასეთია შავი წვიმის ბაყაყი, რომელიც სამხრეთ აფრიკის კაპის მთების სამხრეთ ფერდობებზე ბინადრობს.

პატარა ამფიბიას ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია გადარჩენა. ის ბაყაყების სოროს მთხრელ სახეობებს შორისაა, წყალი არ სჭირდება და მისი ბუნებრივი ჰაბიტატი სუბტროპიკული ბუჩქნარები და ტყეებია.

ალბათ, ბაყაყის გარეგნობაში ყველაზე საყვარელი ისაა, რომ ის გაბრაზებულ ავოკადოს ჰგავს. მოწყენილი არ გეგონოთ, უბრალოდ, ასეთი სახე აქვს. ინსტაგრამის ამ პოსტში ისიცაა ნათქვამი, რომ ბაყაყის კიდევ უფრო უჩვეულო შესახედაობას ის ქმნის, რომ მას გაბერვა შეუძლია.

საფრთხის დროს ამფიბიას შეუძლია, ჰაერით გაევსოს, რათა უფრო მრგვალი და საშიში გახდეს — ამ მხრივ, ის ძალიან ჰგავს ნემოში მყოფ მუცელნემსას.

შავი წვიმის ბაყაყის კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება ისაა, რომ მდედრები შეჯვარების სეზონისას ზურგიდან წებოვან ნივთიერებას გამოყოფენ, რათა აქტის დროს მამრი არ ჩამოვარდეს. მთელ ამ პროცესს წებოვანი ამპლექსუსი (ჩახუტება) ეწოდება. თუმცა ამ პატარა ბაყაყის მთავარი უჩვეულობა მისი სახის გამომეტყველებებია, რომლებიც ინტერნეტის მასშტაბით უკვე არაერთ ადამიანს შეუყვარდა.

რახან შავ წვიმის ბაყაყზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი არანაკლებ საყვარელი ერთი თანამოძმე — უდაბნოს წვიმის ბაყაყი, რომელსაც განსაკუთრებით დამახასიათებელი წრიპინა სათამაშოს ხმა აქვს. აი, თავად მოისმინეთ: