თუ ერთხელ მაინც გინახავთ ნეტფლიქსის მიერ წარმოებული ფილმი ან სერიალი (და შეუძლებელია, დღევანდელ სამყაროში აქამდე ეს ვერ მოგეხერხებინოთ), მაშინ, ალბათ, საკმარისია ნეტფლიქსის ლოგო დაინახოთ და მაშინვე ყურში ჩაგესმათ: "ტა-დამ".

ამ კომპანიის წარმოებული კინო თუ სატელევიზიო პროდუქცია ნეტფლიქსის ლოგით და სამწამიანი ერთგვარი ხმოვანი შესავლით იწყება, რომელიც თავისი სიმარტივითა და სისხარტით ყველას დიდი ხნით ამახსოვრებს თავს.

აი, სწორედ ამას ვგულისხმობთ:

მსგავსი შესავალი აქვს თითქმის სხვა ყველა ფილმსაც, რომელთა პრემიერაც კინოთეატრებში იმართება, თუმცა ერთი განსხვავებით: Warner Bros.-ის, Disney-სა თუ სხვა გიგანტი კომპანიების მიერ წარმოებულ ფილმებს გაცილებით ხანგრძლივი მუსიკალური თუ ვიზუალური შესავალი აქვს.

მართალია, ნეტფლიქსის მიერ წარმოებული ფილმების უმეტესობა მისავე პლატფორმაზე ონლაინ გამოდის ხოლმე, მაგრამ ისეთი ფილმების კინოსეანსები, როგორებიცაა Marriage Story, Roma ან The Irishman, წინასწარ კინოთეატრებშიც იმართება ხოლმე, რისთვის ეს მოკლე შესავალი მეტისმეტად ხანმოკლეა.

სწორედ ამის გამოსასწორებლად ცნობილმა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა ნეტფლიქსის ერთგვარი ინტროს უფრო ხანგრძლივი ვერსია შექმნა, რომელიც შთამბეჭდავად ჟღერს:

ვინც ამ გერმანელი ხელოვანის შემოქმედებას აქამდეც იცნობდა ისეთი ცნობილი ფილმებიდან, როგორებიცაა Gladiator, Interstellar და The Lion King, მაშინ ეს საოცარი შედეგი მეტისმეტად მოულოდნელი არ იქნებოდა, რადგან ციმერს მართლაც წარმოუდგენელი ნიჭი აქვს, თითოეული ნოტი ფიზიკურად განაცდევინოს მსმენელს.