სინთეტური ნარკოტიკები, კონკრეტულად კი ფლაკა, საქართველოში აქტიურად ვრცელდება — ამ სიტყვებით და ნარკოტიკის მოხმარების კადრით იწყება ცნობილი გამოცემის, VICE-ის ვიდეო, რომელიც საქართველოს ნარკოპოლიტიკის განსაზღვრაში ჩართულ ყველა მხარეს გვიჩვენებს: მომხმარებლებს, დიჯეებს, სასულიერო პირებს, ულტრამემარჯვენეებს, შსს-სა და ღამის კლუბების წარმომადგენლებს.

ფლაკა, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა სიუჟეტში, სინამდვილეში სინთეტური ამფეტამინია, იგივე Alpha PVP, "ამფო", რომელსაც ქართველი მომხმარებლები ძალიან ხშირად მოიხმარენ და ყიდულობენ კიდეც. ეს ნარკოტიკი უმეტესად რუსეთიდან შემოდის და აქტიურად იყიდება დარქ ვებში. ალფა პვპ-ს სხვანაირად ზომბი ნარკოტიკსაც უწოდებენ. ის ე.წ. აბაზანის მარილის [ბიონარკოტიკები] ჯგუფს მიეკუთვნება და მისი დოზის კონტროლი ძალიან რთულია. მცირე ზედოზირებაც კი განსაკუთრებით მწვავე სიმპტომებს იწვევს ან სიკვდილით სრულდება.

VICE-ის ვიდეო ცდილობს, იპოვოს პასუხი კითხვაზე: როგორ თანაარსებობს საქართველოში რელიგიური განწყობები და არალეგალური ნივთიერებების ფართო მოხმარება, მკაცრი ნარკოპოლიტიკა და საუკეთესო ღამის კლუბები რეგიონში.

ვიდეოში ნაჩვენებია ნარკოტიკის შეძენის პროცესიც, რომელიც ერთგვარ თამაშს ჰგავს. ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთი მომხმარებელი იმასაც წერს, რომ ეს ფაქტობრივად Pokemon Go-ა, ოღონდ ნარკოტიკებისათვის.

"საქართველოს ნარკოპოლიტიკის ყველაზე მძაფრი გამოხატულება იყო ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრა და 60 ადამიანის დაკავება" — ამბობს ჟურნალისტი. ამ ოპერაციაზე საუბრობენ შსს-ს წარმომადგენლებიც.

— ფიქრობთ, რომ თბილისში არსებული ნარკოპრობლემა ღამის კლუბებთანაა დაკავშირებული? იმიტომ, რომ ვნახე რეიდის კადრები

ეს რეიდი არ იყო კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებული რეიდი. ეს იყო კონტროლირებული შესყიდვების ჯაჭვი ნარკოდილერებისაგან, რომლებიც იმ მომენტში ბასიანზე იმყოფებოდნენ. მიზეზი, რის გამოც პოლიცია შევიდა კლუბში, ამ ადამიანების დაკავება იყო. ყველა ადამიანი, ვინც იმ ღამეს დააკავეს, წინასწარ იყო ჩაწერილი ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებით. ჩვენ იმიტომ არ შევსულვართ კლუბებში, რომ მათ ვეწინააღმდეგებით.

"პოლიცია ამტკიცებს, რომ მათ გავრცელება შეაჩერეს, თუმცა იმ ღამეს 60 ადამიანი დააკავეს და შსს-ც კი აღიარებს, რომ მათგან დიდი ნაწილი არ ყიდდა ნარკოტიკებს", — ნათქვამია ვიდეოში.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის შემდეგ ნარკოტესტირებების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, თუმცა დადებითი შედეგის მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა. შემოწმებაზე გადაყვანილი ადამაინების 36%-ს ნარკომოხმარება არ დაუფიქსირდა. 2018 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოების მიერ განხილული იქნა 2,851 საქმე და განაჩენი გამოტანილი იქნა 2,958 პირის მიმართ. ნარკოდანაშაულის შემთხვევაში, პოლიციას, როგორც წესი, არ ჰყავს ნეიტრალური მოწმეები და საკუთარ ჩვენებებს ეყრდნობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკა ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ ქვეყანაში არ არსებობს. ნარკოვითარების ანგარიშზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფი ინფორმაციას ყოველ წელს ოფიციალურად გამოითხოვდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან. 2017 და 2018 წლის მონაცემების შესახებ კი ბიურომ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის სტატისტიკას არ აწარმოებს.

მკაცრი ნარკოპოლიტიკა სახიფათო ნარკოტიკებს გზას უხსნის, რადგან როცა გავრცელებული და პოპულარული ნარკოტიკები რთულად საშოვნელია (ამ ნარკოტიკებს, ცხადია, თავიანთი რისკები აქვთ, თუმცა ამ რისკების გაკონტროლება შესაძლებელია), მომხმარებლები სხვა გზებს ეძებენ. შსს ამ კორელაციას უარყოფს და ამბობს, რომ საქმე მხოლოდ სიიაფეშია.

ნახეთ ვიდეო, რომელიც გადამწყვეტ პასუხს არც ერთ წამოჭრილ საკითხზე არ იძლევა, თუმცა საფიქრალს ნამდვილად გაგიჩენთ: