განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლებს, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლიათ შერეული მოდელი დანერგონ, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად. სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები დღეს, 14 აგვისტოს გამოაქვეყნა.

"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად სასწავლო პროცესი წარიმართოს სკოლის სივრცეში და იმ შემთხვევაში, თუ შერეული მოდელის საჭიროება დადგა, ამის რეკომენდაციის პაკეტიც არსებობს და სკოლას შეუძლია ამ რეკომენდაციის ფარგლებში იმოქმედოს", — აცხადებს მინისტრის მოადგილე.

უწყების ინფორმაციით, სავალდებულოა I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები სასკოლო სივრცეში ჩაუტარდეთ. V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII–XI კლასებში — 2 დღე, ხოლო XII კლასში მაქსიმუმ 3 დღე. ამასთან, შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები უნდა გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, თუ სკოლის ინფრასტრუქტურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საკლასო ოთახში მოსწავლეთა შორის ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან, მაშინ სკოლებს ეძლევათ თავისუფლება, სასწავლო პროცესი თავად დააორგანიზონ საფეხურებისა და ცვლების მიხედვით.

ასევე წაიკითხეთ: