კინოსამყაროში არც ისე ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა ანტონიო კამპოსმა გადაწყვიტა, რომ ყველას ყურადღება თავისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმით მიიქციოს, რომელიც დამაინტრიგებელ სცენართან ერთად ვარსკვლავური შემადგენლობით შეიქმნა.

ესეც რომ არა, ეს ახალი კინოსურათი ნეტფლიქსის პლატფორმისთვის გადაიღეს, რის გამოც მას თავიდანვე აქვს პოტენციალი, რომ მილიონობით მაყურებელი დახურული კინოთეატრების ფონზეც კი შეიძინოს.

The Devil All the Time ნეტფლიქსის წელს დაგეგმილ პრემიერებს შორის ის ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი იქნება, რომელზეც შემდეგი თვეების განმავლობაშ ბევრს ისაუბრებენ: ძალიან ცუდს, ძალიან კარგს ან ორივეს ერთად.

ამაში ფილმის სულ ახლახანს გამოსული ტრეილერი დაგარწმუნებთ:

ფილმში ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც არიან რობერტ პატინსონი, ტომ ჰოლანდი, ჯეისონ კლარკი, ელიზა სკენლენი, ბილ სკარსგარდი, მია ვასიკოვსკა და სხვები.

ფილმის ოფიციალური მოკლე აღწერა ასეთია:

"ნოკემსტიფში, ოჰაიოში, და მის მახლობელ გაუკაფავ ტყეებში ავბედითი პერსონაჟები — უწმინდური მღვდელი (რობერტ პატინსონი), შეშლილი წყვილი (ჯეისონ კლარკი და რაილი კიო) და უპატიოსნო შერიფი (სებასტიან სტანი) — თავს იყრიან ახალგაზრდა არვინ რასელის (ტომ ჰოლანდი) გარშემო, რომელიც მისი და მისი ოჯახისადმი მტრულად განწყობილ ბოროტ ძალებს ებრძვის".

The Devil All the Time დონალდ რეი პოლოკის ამავე სახელწოდების მქონე ნაწარმოების ეკრანიზაციაა, რომლის სიუჟეტიც მეორე მსოფლიო ომიდან ვიეტნამის ომამდე პერიოდში ვითარდება და სამხრეთული გოთიკის ჟანრში მოგვითხროს შემაძრწუნებელი მოვლენების განვითარების შესახებ.

ფილმის პრემიერა ნეტფლიქსის პლატფორმაზე 16 სექტემბერს შედგება და კიდევ ერთხელ შეგვეძლება შევაფასოთ, თუ როგორ შეიცვალა რობერტ პატინსონის სამსახიობო შესრულება ბინდის შემდეგ, სანამ მომავალ წელს მას ბეტმენის როლში ვიხილავთ.