2020-2021 წლის სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს განახლდება. სულ სწავლას 2084 სკოლის მოსწავლეები დაიწყებენ. განათლების სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სკოლებს პანდემიის პერიოდში მოუწევთ.

  • მოსწავლეებს შორის უნდა იყო 1-მეტრიანი დისტანცია;
  • მოსწავლეების გარდა, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება;
  • სკოლის შენობაში შესვლისას ყველამ უნდა გაიაროს დეზობარიერი, ამასთან, მათ შეუმოწმებენ ტემპერატურას. აუცილებელი იქნება ხელების დეზინფექციაც.
  • სკოლებში უნდა არსებობდეს პირბადეების რეზერვი;
  • სველი წერტილები ყოველი დასვენების შემდეგ სანიტარულად უნდა დამუშავდეს;
  • ცვლებს შორის უნდა იყოს ნახევარსაათიანი შესვენება, რა დროსაც საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართები სანიტარულად უნდა დასუფთავდეს და განიავდეს;
  • უნდა გამოიყოს დროებითი საიზოლაციო ოთახი სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის;
  • გაკვეთილებს შორის დასვენებებზე საკლასო ოთახები უნდა განიავდეს;
  • სანიტარულად უნდა დამუშავდეს ხშირად შესახები ზედაპირები;
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს, გარდა მოსწავლეებისა, უნდა ეკეთოს პირბადე. მათ შორის, დასვენებების პერიოდში.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ რეგულაციების გათვალისწინებით რეკომენდაციები შემუშავდა თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ამიტომ სკოლები სასწავლო პროცესს ინდივიდუალურად დაგეგმავენ და შესაძლებლობა ექნებათ, თავად განსაზღვრონ, როგორც გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე დაწყების დრო.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ სკოლებს, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლიათ დანერგონ შერეული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ერთცვლიანი სკოლები უნდა გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით. ამასთან, სკოლების განტვირთვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე.

განათლების სამინისტროს ცნობით, სავალდებულოა I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები სასკოლო სივრცეში ჩაუტარდეთ. V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII–XI კლასებში — 2 დღე, ხოლო XII კლასში მაქსიმუმ 3 დღე. ამასთან, შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.