ბელარუსში გამართული აქციების დროს დაკავებული იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებიც ინციდენტში შემთხვევით მოყვნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ასამბლეის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნატალია კოჩანოვამ ტელეგრამ არხის მეშვეობით გაავრცელა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ პროფკავშირების მოსაზრება მოისმინა და დაკავების ყველა ფაქტის გამოძიება დაავალა. კოჩანოვას განცხადებით, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ არ გვჭირდება ჩხუბი, არ გვჭირდება ომი", — აღნიშნა კოჩანოვამ.

ათასზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. გაათავისუფლეს ის ადამიანები, რომლებიც, მათი თქმით, საპროტესტო ღონისძიებებში მონაწილეობას არ იღებდნენ და შემთხვევის ადგილას დაუგეგმავად აღმოჩნდნენ. მათ შორის არიან არასრულწლოვნები. ისინი მშობლების ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ნაწილი კი პოლიციამ დააკავა.