საქართველოს სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, არ გადასცეს რუსეთს უკრაინის მოქალაქე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდა და რომლის ექსტრადირებასაც რუსეთი ითხოვს.

ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, 2020 წლის 30 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ბრალად ედება სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა.

საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა გაარკვია, რომ ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობაში. იგი არის ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის წევრი. ასევე, მონაწილეობდა უკრაინულ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და აქტიურ როლს ასრულებდა უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით პრო-უკრაინულ განცხადებებს ავრცელებს.

"წინადადებაში მიმოხილული ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მოსაპოვებლად", — აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს ამ გარემოებებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას.