პოლიტიკური პარტია რეფორმერი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. როგორც რეფორმერის თავმჯდომარე, თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, IRI-ს და 14 ივლისს ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ედისონ რისერჩის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს შორის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაჩვენებლების განსხვავებები საყურადღებოა და ეს მაჩვენებელი ახალ პოლიტიკურ ძალებს აძლევს შესაძლებლობას გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთოს.

"საყურადღებოა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ კვლევა ჩატარდა ივნისში და 2 ივლისისთვის უკვე დასრულდა, თუმცა კვლევის შედეგები მოგვიანებით, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, კვლევის ავტორებმა გაითვალისწინეს მათ კვლევასა და ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ედისონ რისერჩის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებს შორის გარკვეული განსხვავებები, და აუდიტორიას საშუალება მისცეს, რომ დავიწყებოდა ედისონ რისერჩის 2-3 კვირით ადრე გამოქვეყნებული ანგარიში. ამ ორ კვლევას შორის განსხვავებები იყო, როგორც პარტიების რეიტინგებში, ასევე ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობაში. ედისონ რისერჩის კვლევის მიხედვით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი შეადგენდა 20%-ს, ხოლო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი — 28%-ია. ამ ორი განსხვავებული შედეგის ანალიზისთვის საჭიროა გვქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რომელი ქალაქები მოიცვეს, როგორ გამოკითხეს მოსახლეობა, ვინ იყო შერჩეული რესპონდენტად და. ა.შ. განსხვავებებზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაჩვენებელი — 28%, რაც ნიშნავს, რომ, ეს ამომრჩეველი არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ აკეთებს არჩევანს ვერც ერთ პარტიაზე და ელოდება ახალ პარტიას. ახალი პარტიები პოლიტიკურ სუბიექტებად დარეგისტრირდნენ ივლისში, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ როგორც რეფორმერს, ასევე სხვა ახალ პარტიებს შეუძლიათ, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს შეუქმნან შესაძლებლობა, ხელახლა გადახედონ განახლებულ პოლიტიკურ სპექტრს, ჩამოყალიბდნენ და გააკეთონ არჩევანი, თუ მათთვის მისაღები აღმოჩნდება ჩვენი იდეოლოგია და ხედვები.

პოლიტიკაში ახალი პარტიების ჩართვა შეცვლის ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევას. ახალ პარტიებს შეგვიძლია, აქამდე არააქტიური გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც ან არ მიდიოდა არჩევნებზე, ან მიდიოდა და როგორც სამწუხაროდ ხდებოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, არჩევანს აკეთებდა ცუდსა და უარესს შორის, ჩავრთოთ საარჩევნო პროცესში. პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტიების და სახეების გამოჩენამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მისცა შესაძლებლობა, რომ ისინი დააფიქსირებენ თავის არჩევანს იმ ახალი პარტიების სასარგებლოდ, რომელთა ხედვები და პროგრამები მათთვის იქნება მისაღები", — აცხადებს ჯანაშვილი.