ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი 14 აგვისტოს დაგეგმილ ევროკავშირის ქვეყნების შეხვედრაზე აპირებს, ინდივიდუალური სანქციები მოითხოვოს ბელარუსის იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი.

ამის შესახებ ინფორმაციას ბალტიის საინფორმაციო სააგენტო BNS Lithuania ტვიტერით ავრცელებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ეს პოსტი მინისტრს საკუთარ ტვიტერზე აქვს გაზიარებული.

"ჩვენ არ გვჭირდება მორიგი განცხადება, ჩვენ გვჭირდება მოქმედება", — ამბობს ლინკევიჩუსი.

9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს ევროკავშირი გამოეხმაურა. განცხადებაში მოწოდება იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემასა და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში მოქცევის თაობაზე.

"ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვითხოვთ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბელარუსელმა თანამდებობის პირებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება", — ნათქვამია საერთო განცხადებაში.

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

ბელარუსში პროტესტი გრძელდება. პროტესტანტები არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახლა მის სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ.