Georgian Water and Power ბოლო დროს საზოგადოებაში წყლის ხარისხთან დაკავშირებულ შეკითხვებს ეხმაურება და განმარტავს, რომ წყლის ხარისხის პარამეტრები უცვლელია. კომპანიის თქმით, დედაქალაქში სასმელი წყლის ხარისხი აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს:

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაკონტროლებელი ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მიერ, 24 საათიან რეჟიმში, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ხდება წყლის ხარისხის შემოწმება და ყველა პარამეტრი მკაცრად არის დაცული".

GWP ასევე აცხადებს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც წყლის ხარისხში ეჭვი შეეპარება, შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს (2 93 11 11) იმისთვის, რომ კომპანიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა აბონენტის ონკანიდან წყლის სინჯი აიღონ.

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში მოქალაქეები იმაზე საუბრობენ, რომ თბილისში უხარისხო და ბინძური წყალი მოდის, რომელსაც სპეციფიკური სუნი აქვს.