ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია წერს, რომ ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის წარდგენა მისთვის მოულოდნელობა იყო, თუმცა ამით მისი ლელოსადმი დამოკიდებულება არ იცვლება და მის წარმატებას კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთო კოალიციისთვის.

"ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!

არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით", — წერს ხოშტარია Facebook გვერდზე.

12 აგვისტოს ლელომ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, მათ შორის, ლევან კობერიძე ვაკის რაიონში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. კობერიძე ქართული ოცნების წევრი იყო, რომელმაც მმართველი პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა, შემდეგ კი ანა დოლიძესთან და ალეკო ელისაშვილთან ერთად პარტია შექმნა.