ბელარუსში პოლიციის მიერ დაკავებული კიდევ ერთი მომიტინგე გარდაიცვალა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების გამო დაწყებული პროტესტის მანძილზე მომიტინგის დაღუპვის უკვე მეორე შემთხვევაა.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უცნობია, რა გახდა 25 წლის კაცის სიკვდილის მიზეზი. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მას გულის პრობლემები ჰქონდა და საათობით პოლიციის სატვირთო მანქანაში ჰყავდათ.

BBC-ს განცხადებით, გომელი კვირას დაიჭირეს და არალეგალურ პროტესტში მონაწილეობის გამო 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იმის გამო, რომ ის თავს კარგად არ გრძნობდა, საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის დედა აცხადებს იმასაც, რომ ის არ აპირებდა არანაირ პროტესტში მონაწილეობას და მეგობარი გოგოს სანახავად მიდიოდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მაღალჩინოსნების მიერ ძალის გამოყენება დაგმო. გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ პოლიციის ოფიცრები გადაჭარბებულ ძალას იღენებდნენ, ისროდნენ რეზინის ტყვიებს, იყენებდნენ წყლის ჭავლს და ყუმბარებსაც კი.

"ამ სამი დღის განმავლობაში დაკავებულია დაახლოებით 6 000 ადამიანი, მათ შორის, დამკვირვებლები, არასრულწლოვნები, რაც მასობრივი დაკავებების ტენდენციისკენ საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანტარების დარღვევისკენ მიანიშნებს", — აღნიშნულია ბაჩელეტის განცხადებაში.

ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სხვა საერთაშორისო აქტორებიც გამოეხმაურნენ. ევროკავშირმა ბელარუსის მთავრობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისა და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში მოქცევის შესახებ მოუწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, აშშ ღრმად შეშფოთებულია 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების გამო და მიიჩნევს, რომ პროცესი არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. გამოსვლები გვიან ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ხმების უმრავლესობა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10%.

მინსკში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, დემონსტრანტებისა და სპეცდანიშნულების რაზმის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხმის მიცემის პროცედურის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ამოქმედდა. დედაქალაქში კი არმიის შეიარაღებული ნაწილები შევიდა. საღამოს ექვსი საათისთვის მინსკის ყველა ცენტრალურ მოედანსა და სამთავრობო შენობასთან სპეციალური კორდონი იდგა, გაჩერდა ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, დაიხურა ქალაქიდან შესასვლელი და გასასვლელი გზები.

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც უწოდებენ.