კინოინდუსტრიის ლეგენდარული ბრენდი 20th Century Fox აღარ არსებობს.

CNN-ის ცნობით, ორშაბათს ამ კინოსტუდიის მფლობელმა კომპანია დისნეიმ დააანონსა, რომ 20th Century Fox Television-ის რებრენდინგის ფარგლებში მისი სახელწოდებიდან სიტყვებს "Century" და "Fox" იღებს და მას ამიერიდან 20th Television ეწოდება.

გასულ წელს ეს კომპანია დისნეიმ $71.3 მილიარდად შეიძინა. რამდენიმე თვეში კინოსტუდიის სახელწოდებას სიტყვა Fox ჩამოშორდა. მაშინ დისნეის ცვლილების ოფიციალური მიზეზების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ნაბიჯი ცნობილ ამერიკულ ტელეარხ, Fox News-თან ასოციაციას უკავშირდება: დისნეის არ სურს, რომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია მემარჯვენე პოლიტიკით ცნობილ მედიას დაუკავშირონ.

დისნეიმ კიდევ სხვა შვილობილ კომპანიებს შეუცვალა სახელწოდებები: ABC Studios და ABC Signature Studios დაერქვა ABC Signature , Fox 21 Television Studio-ს კი ეწოდა Touchstone Television.

20th Century Fox Television-ის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტი იყო ანიმაციური სერიალი სიმპსონები.

ფოტო: 20th Century Fox Television

მეოცე საუკუნის 40-წლებიდან დღემდე The 20th Century Fox-მა კინომოყვარულებს თავი არაერთი გახმაურებული პროექტით დაამახსოვრა: მათ შორისაა ისეთი მაღალშემოსავლიანი ფილმები, როგორებიცაა ტიტანიკი და ავატარი.

დისნეი დომინანტური კომპანია გახდა არა მხოლოდ კინოინდუსტრიაში, არამედ აშშ-ის მედიის ბაზარზეც: ის ფლობს ტელეკომპანია ABC-ის.

გასულ წელს დისნეიმ ასევე აამოქმედა სტრიმინგ სერვისი Disney+, რომელმაც 9 თვეში 60 მილიონზე მეტი მომხმარებელი შეიძინა.