გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატები პროკურატურამ საქმის მასალების და მონაცემების გამჟღავნების თაობაზე გააფრთხილა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად უწყებამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებას იყენებს.

"გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას", — აღნიშნავენ უწყებაში.

პროკურატურა ასევე მიუთითებს, რომ საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს, მკვლელობას და მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, "უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ".

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.

მკვლელობის ბრალდებით ბრალი არ წარუდგენიათ ვასილ მახარაძისთვის, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ჩიქოვანის მანქანას მართავდა. მისი სახელი არ წერია იმ პირების ჩამონათვალში, რომლებიც, უწყების ცნობით, შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს დაედევნენ, შემდეგ ფეხბურთელი სცემეს და წყალში გადააგდეს.