ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და ზოგადად ინტერნეტში განუწყვეტლივ ვიღებთ ინფორმაციას ცუდი ამბების შესახებ, რაც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მძიმედ მოქმედებს ჩვენს ემოციურ განწყობაზე.

თუმცა, საბედნიეროდ, ინტერნეტის საშუალებით ადამიანებს ერთმანეთისთვის კარგი ამბების გაზიარება, მეტიც — სხვებისთვის ოცნებების ახდენაც კი შეუძლიათ.

ამის მაგალითი ამ 11 წლის ნიგერიელი ბიჭის ვიდეოა, რომელშიც მოზარდი ბალეტის მოცეკვავე წვიმაში ფეხშიშველი ცეკვავს.

ვიდეო ინსტაგრამზე გამოქვეყნდა და მალევე ძალიან პოპულარული გახდა: 300 000-ზე მეტი ნახვა და ათასობით კომენტარი დააგროვა.

სხვა მრავალ ადამიანთან ერთად ეს ვიდეო ნახა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცნობილი ცეკვის სკოლის ხელმძღვანელმა, სინტია ჰარვიმ და ახალგაზრდა მოცეკვავით აღფრთოვანდა.

"ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს, ეს ვიდეო მაჩვენა და მაშინვე ამ მოცეკვავის ძებნა დავიწყე", — განაცხადა სინტია ჰარვიმ

საბედნიეროდ, მალევე დაუკავშირდა ის 11 წლის ენტონის და შესთავაზა, სამკვირიან ინტენსიურ საზაფხულო სემინარზე, რომელიც აშშ-ში იმართება, უფასოდ მიეღო ონლაინ მონაწილეობა.

როგორც ენტონის მასწავლებელი, დანიელ ოუსენი აცხადებს, მან საბალეტო სკოლა ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 2017 წელს დაარსა. სამწუხაროდ, უკვე სამი წელია სკოლას ჯერ კიდევ არ აქვს გამოყოფილი ადგილი, სადაც 12 მოსწავლე ცეკვის გაკვეთილებს დაესწრება. სწორედ ამის გამო, მათი შეხვედრები ძირითადად მასწავლებლის სარდაფში ან ღია სივრცეში იმართება.

"ჩვენ ვცდილობთ, რომ ბალეტის შესახებ არსებული სტერეოტიპები გავაქარწყლოთ: გოგოების მსგავსად, ბიჭებსაც შეუძლიათ იცეკვონ ბალეტი", — განაცხადა დანიელ ოუსენმა BBC-სთან ინტერვიუში.

11 წლის ენტონი საბალეტო სკოლაში სხვა მოსწავლეებთან ერთად.

ფოტო: Seun Sanni/Reuters

"ენტონი ძალიან აღტაცებულია, რადგან ყოველთვის ბეჯითი იყო და უხარია, რომ ამ შესაძლებლობით თავისი ოცნებას სულ უფრო უახლოვდება. ენტონი უკვე ესწრება ვირტუალურ სემინარებს. ჩვენი სკოლის მიზანია, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ნიგერიაში საბალეტო დადგმები გამართონ და ყველას აჩვენონ ამ ხელოვნების დახვეწილობა, ამავდროულად კი ჩვენი კულტურის განვითარებას შეუწყონ ხელი", — ამბობს ენტონის საცეკვაო სკოლის წარმომადგენელი.