ხომ გსმენიათ, ყველა გმირი არ ატარებს მოსასხამსო — მეტსაც გეტყვით, ზოგი მათგანი ოთხ ფეხზე დაიარება და მუშაობის პირველივე დღეს რაღაც გასაოცრად შთამბეჭდავს ჩადის!

ამ ამბის გმირი ჭკვიანი ცუგა მაქსია. ეს ძაღლი პოლიციელობის პირველ დღეს მსახურობდა, როდესაც მან ყველა გააოგნა და დაკარგული დედა-შვილის ადგილსამყოფელს მიაგნო. დევედ-პოუისის პოლიციის ახლახან ლიცენზირებულმა მაქსმა ისინი უელსში, პოუისის საგრაფოს, შორეული ხეობის კიდეში იპოვა.

ფოტო: Dyfed-Powys Police

ამ საბედისწერო დღეს მაქსი თავის მწვრთნელ პიტერ ლოიდთან ერთად მუშაობდა.

"დევედ-პოუისის პოლიციის ახლახან ლიცენზირებულმა ძაღლმა მაქსმა და მისმა მწვრთნელმა პიტერ ლოიდმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს იმ ქალის პოვნაში, რომელმაც ღამე პოუისის შორეულ ლოკაციაზე გაატარა თავის პატარა შვილთან ერთად. მაქსი სამსახურში გაიწვიეს შუადღის წინ, კვირას, 1 აგვისტოს, როდესაც პოლიციას შეატყობინეს დაკარგული დედა-შვილის შესახებ. პოლიციამ მომენტალურად დაიწყო მისი და მისი ერთი წლის შვილის ძებნა", — წერია დევედ-პოუისის პოლიციის ვებგვერდზე.

ინსპექტორი ჯონათან რის-ჯონსის ცნობით, ქალი უკვე ორი დღის განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. გარდა ამისა, მისი მობილური არ მუშაობდა. პოლიციელებმა მთელი თავისი ძალები მოკრიბეს და მისი კვალის პოვნას შეეცადნენ. ქალის მანქანა მალევე იპოვეს მთის გზაზე და, მართალია, ქალის ადგილსამყოფელის მისაგნებად ეს უკვე მნიშვნელოვანი ცნობა იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცე იყო დასაფარი და მოსაკვლევი.

"სწორედ აქ ჩაერთო საქმეში მაქსის საძიებო უნარ-ჩვევები. იმის მიუხედავად, რომ მან მხოლოდ ახლახან მოიპოვა ლიცენზია და ეს მისი პირველი ცვლა იყო, ძაღლმა მყისიერად დაიწყო ღია სივრცეში ძებნა", — ამბობს ინსპექტორი ჯონათან რის-ჯონსი.

მაქსმა და ლოიდმა დიდი მანძილი დაფარეს და დაახლოებით 13:30 საათზე, მაქსის კვალდაკვალ სიარულისას, ოფიცერმა მთის კალთის ციცაბო ხეობის მახლობლად დაკარგული ქალი შენიშნა, რომელიც ხელს აქნევდა და დახმარებას ითხოვდა.

"ქალს ჩამოსვლაში დავეხმარეთ და შესაბამისი ზომები მივიღეთ, რომ მას და მის შვილს მთის სამაშველო ექიმსა და სასწრაფო დახმარებასთან სამედიცინო შემოწმება გაევლოთ", — წერია სტატიაში.

მანამ კი — უღრმესი მადლობა მაქსს! ოთხფეხა გმირი ასეთი წარმატებული პირველი დავალების შემდეგ, ალბათ, კიდევ არაერთხელ დაგვამახსოვრებს თავს.