პლუტონი ჯუჯა პლანეტაა, რომელიც კოიპერის სარტყელში მდებარეობს. იგი გეოლოგიურად აქტიური ობიექტია თხელი ატმოსფეროთი, რომელიც ასტრონომებისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

ამჟამად მათ აინტერესებთ პლუტონის ატმოსფერო მუდმივია თუ იგი სეზონების მიხედვით იცვლება. დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ როდესაც ჯუჯა პლანეტა მზესთან უფრო ახლოს მივიდა, მისი ყინულები გაზებად გარდაიქმნა, როდესაც დაშორდა კი კონდენსირდა და კიდევ ერთხელ გაიყინა. ახალი კვლევის მიხედვით კი, ეს, შესაძლოა, არასწორი დაშვება იყოს.

SOFIA-ს (Stratospheric Observatory for Infrared Astronomy) გამოყენებით მკვლევრებმა ჯუჯა პლანეტის ატმოსფერო ვარსკვლავური ოკულაციის დროს შეისწავლეს. როდესაც პლუტონმა ვარსკვლავის წინ გაიარა, SOFIA-მ ამ ვარსკვლავის სინათლე ატმოსფეროზე დასაკვირვებლად გამოიყენა.

პლუტონის ორბიტა დედამიწის ორბიტასთან შედარებით მეტად კვერცხისებური ფორმისაა. იგი 20 წელს მზესთან იმაზე ახლოს ატარებს, ვიდრე ნეპტუნი. ეს კი ბოლოს 1979-1999 წლებში მოხდა. ახლა იგი ორბიტის ცივ, უფრო შორეულ მხარეშია და ჯერჯერობით მისი ატმოსფერო დაუზიანებელია. მონაცემებმა აჩვენა, რომ ატმოსფერო ნისლიანია და 2011-2013 წლებში განხორციელებული დაკვირვებების შემდგომ იგი არ შეცვლილა.

"პლუტონი საიდუმლოებებით მოცული ობიექტია, რომელიც მუდმივად გვაოცებს. სხვადასხვა დაკვირვების დროს წავაწყდით მინიშნებებს, რომ მის ატმოსფეროში, შესაძლოა, ნისლი ყოფილიყო, მაგრამ ეს დამტკიცებული არ იყო, სანამ SOFIA-ს მონაცემები არ მივიღეთ", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა მაიკლ პერსონმა, — "ახლა კი გვაინტერესებს, აპირებს თუ არა პლუტონის ატმოსფერო მომდევნო წლებში კოლაფსს — იგი იმაზე გამძლე შეიძლება იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა".

"ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამაა, რაც არ ვიცით, თუმცა ახლა შეგვიძლია, ადრეული ვარაუდები დავამტკიცოთ. პლუტონის ატმოსფეროს კოლაფსი, შესაძლოა, იმაზე ნელა მოხდეს, ვიდრე ნავარაუდებია, ან საერთოდ არ მოხდეს. სწორედ ამიტომ საჭიროა დაკვირვებების გაგრძელება".