წლის ბოლოსთვის დედაქალაქს მეტროს განახლებული ვაგონები მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ არის გარკვეული შემადგენლობა ვაგონების, რომელსაც ყველა შესაძლებლობა ამოწურული აქვს და მათ გამოსაცვლელად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მისი თქმით, უკვე ჩაშვებულია პროექტი მეტრო სადგურ გოცირიძეზე, სადაც გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, განახლდება გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები.

"მეტრო სადგურ ვარკეთილსა და ავლაბრის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და პროექტი დასრულებული სახით ნოემბრის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს. პროექტის ჩაბარების შემდეგ შესასრულებელ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოების განხორციელება მალევე დაიწყება",— განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროს სადგურ გურამიშვილს, სარაჯიშვილს, მარჯანიშვილს, სადგურის მოედანს, თავისუფლების მოედანს, 300 არაგველს, რუსთაველს, ისანს, წერეთლის გამზირსა და ნაძალადევს, მერის განცხადებით, ამ 10 სადგურზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ევროპის სარეკონსტრუქციო და განვითარების ბანკმა გამოყო. კალაძის თქმით, ამ სადგურებზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო პროექტი წლის ბოლომდე მზად იქნება.