თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, შესაძლებელია, რომ ვინმეს თამარ ბაჩალიაშვილის ელ.ფოსტაზე წვდომა ჰქონდეს. ამაზე ადვოკატმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ექსპერტებთან ერთად თამარ ბაჩალიაშვილის ელ.ფოსტა გახსნა, სადაც ნახა, რომ 13-დან 18 ივლისამდე, გაუჩინარების დღემდე, შეტყობინებები არ იძებნება, რაც ეჭვს ბადებს, რომ ვიღაცამ შეტყობინებები წაშალა.

"გარკვეული რიცხვებიც შემდეგ ეჭვს იწვევდა საიდან გამოჩნდნენ. რაღაცა ეჭვი გაჩნდა, რომ შესაძლებელია ვიღაცას აქვს წვდომა და რა ფორმით, როგორ, რანაირად ამას გამოძიება დაადგენს... მიუხედავად იმისა, რომ 21-ში, 22-ში, 23-ში, 24-ში, დღემდე მოდის ფოსტა, 13-დან 18-მდე არაფერი აღარ არის", — განაცხადა რამიშვილმა.

ამასთანავე, ადვოკატი აღნიშნავს, არამარტო თვითმკვლელობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა, არამედ მკვლელობის ვერსიაზეც უკვე სერიოზულად არის სამუშაო.

"ვინც არ უნდა ეცადოს, და ვისი სწრაფვაც არ უნდა იყოს, ერთი წერტილი და მძიმეც არ დააკლდება ამ საქმეს, რომ დაიფაროს სიმართლე და ჭეშმარიტება არ დადგინდეს ამ საქმეზე", — განაცხადა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ოჯახი გამოძიება უნდობლობას უცხადებს და FBI-ს ჩართვას მოითხოვს.