70 წელზე მეტი გავიდა ანა ფრანკის დღიურის შექმნიდან. 1942-1944 წლებში ებრაელი თინეიჯერი ჩანაწერებს აკეთებდა, თუ როგორ ემალებოდა მისი ოჯახი ნაცისტებს მეორე მსოფლიო ომის დროს.

დღიურში ბოლო ჩანაწერი 1944 წლის პირველ ავისტოსაა გაკეთებული. 3 დღეში გერმანიის საიდუმლო სახელმწიფო პოლიციამ (გესტაპო) ყველა დააპატიმრა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. ოფიციალური ვერსიით, ანა ფრანკი საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.

ანა ფრანკის დღიურის პირველი ვერსია 1947 წელს გამოქვეყნდა.

2016 წელი. ალეპო. უკვე რამდენიმე თვეა სირიიდან 7 წლის ბანა ალაბედი მსოფლიოს ალეპოში მიმდინარე მოვლენებზე უყვება. 7 წლის ბანა ანა ფრანკს არაერთმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ შეადარა, მათ შორის ნიუ იორკ ტაიმსმაც.

ბანა სირიის სამოქალაქო ომის დროის ანა ფრანკი გახდა, ერთი განსხვავებით - მსოფლიო მის ისტორიას ტვიტერიდან აწმყოში კითხულობს, 284 ათას გამომწერზე მეტი თვალს ადევნებს მისი და ალეპოელების ამბავს დღიდან დღემდე, თუმცა ჯერ არავინ იცის, როგორი დასასრული ექნება 7 წლის გოგოს ისტორიას.

"მოგესალმებით ალეპოდან, მე ვკითხულობ, რომ ომი დავივიწყო" - წერია პოსტში, რომელიც მისი ტვიტერის პროფილში პირველ პოსტადაა მონიშნული.

ბანას სახელით ტვიტერზე მისი დედა, ფატიმა, პოსტავს.

"ძვირფასო მსოფლიო, აქ დაბომბვა არ წყდება. რატომ ხარ ჩუმად? რატომ? რატომ? რატომ? ეს შიში მკლავს. ფატიმა" - წერს ის თავის ბოლო პოსტში, რომელიც 6 საათის წინაა გამოქვეყნებული.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ალეპოს აღმოსავლეთით, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაბომბვა მაინც გრძელდება.

ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, ათასობით მშვიდობიან მოქალაქესა და ამბოხებულს ქალაქიდან გასვლის საშუალება უნდა ჰქონოდა, თუმცა დაგეგმილი ევაკუაცია გადაიდო. სამთავრობო ავტობუსები ქალაქში ჩავიდნენ, თუმცა, საწყობებში დაბრუნდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება არ შესრულდა.

შეთანხმების შეუსრულებლობაში რუსეთი აჯანყებულებს ადანაშაულებს. უკვე თვეებია, რაც თავად რუსეთს დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები ბრალად სდებენ სირიაში უდანაშაულო ადამიანების დახოცვასა და სამხედრო დანაშაულის ჩადენას ალეპოში.

"მე მოწყენილი ვარ, ეს ძალიან ცუდია" - ინგლისურად ამბობს ბანა ვიდეოში, რომელიც 22 ნოემბერს გამოქვეყნდა.