ნეტფლიქსი თავისი ახალი სერიალით მაყურებლებს შესაძლებლობას აძლევს, კოსმოსში ოსკაროსან მსახიობ ჰილარი სუონკთან ერთად იმოგზაურონ და იმ დანაკარგების შესახებ გაიგონ, რაც დიად მიზნებს ახლავს თან.

Away — ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო შოუს, რომელიც მარსისკენ მიმავალი კოსმოსური ექსპედიციის მონაწილე ასტრონავტების დრამატული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, მომავალი სერიალის სიუჟეტური ხაზი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისთვის დამახასიათებელ ელემენტებზე მეტად უფრო პერსონაჟების პირად ტრაგედიებზე იქნება ორიენტირებული.

სერიალის ოფიციალურ აღწერაში ვკითხულობთ:

"Away ამაღელვებელი, ემოციური დრამაა, რომელიც ადამიანების დაუჯერებელი მიღწევებისა და ამ მიღწევების ფასად პიროვნულ მსხვერპლშეწირვებზე მოგვითხრობს. სერიალის მთავარი გმირი, ემა გრინი (რომლის როლსაც ჰილარი სუონკი ასრულებს), საერთაშორისო გუნდთან ერთად თავისი პირველი კოსმოსური მისიისთვის ემზადება, რის გამოც თავისი ქმრისა და შვილის დატოვება უწევს ზუსტად მაშინ, როცა მათ ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. ეს ისტორია გვაჩვენებს, რომ ვარსკვლავებზე მისაწვდომად ხანდახან იძულებულები ვართ, სახლი მივატოვოთ".

ამ ახალი სატელევიზიო შოუში მთავარი როლის შემსრულებელს, ჰილარი სუონკს მაყურებლები ისეთი ცნობილი ფილმებით იცნობენ, როგორებიცაა P.S. I Love You, Million Dollar Baby და Boys Don't Cry. მათ შორის ამ ორ უკანასკნელ კინოსურათში შესრულებული როლისთვის მას ოსკარიც აქვს მიღებული.

სერიალის სცენარზე ენდრიუ ჰინდრეიკერმა და ჯესიკა გოლდბერგმა იმუშავეს, რომელთაც მანამდე The Path-ისა და Parenthood-ის მსგავსი ცნობილი სატელევიზიო პროექტების შექმნაში მიუღიათ მონაწილეობა.

Away-ის პირველ სეზონში სულ 10 ეპიზოდი იქნება და მისი პრემიერა 4 სექტემბერს შედგება.