თბილისის მერის, კახი კალაძის განცახდებით, ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკასთან კავშირში არ არის. თუმცა, მისივე თქმით, "თუ ვინმეს რამე აქვს ჩადენილი", პოლიტიკოსობა "ერთგვარი ფარი" ვერ იქნება".

"არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ არის, გამორიცხულია, ეს არის შეუძლებელი. პოლიტიკური მიდგომებით არავის არაფერს არ უყადაღებენ, ეს დრო წარსულს ჩავაბარეთ ჩვენ ყველამ ერთად. დღეს საქართველოში არის მედია პლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება საზოგადოებას წარმოუდგინოს თავისი ხედვა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, არავინ არაფრისგან არ არის შეზღუდული. თუ ვინმეს რამე აქვს ჩადენილი, პოლიტიკოსობა ვერ იქნება ერთგვარი ფარი ან ტელევიზიის მფლობელობა", — აცხადებს კალაძე.

მას შემდეგ, რაც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრა დააანონსა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა. ამის დამადასტურებელი შეტყობინება ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუკ პოსტში გამოაქვეყნა.

ზურაბ ჯაფარიძე ანგარიშების დაყადაღებას მის განცხადებას უკავშირებს, სადაც იგი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრაზე საუბრობდა. მისი თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ მას ფინანსური პრობლემები შეუქმნას.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჯაფარიძის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცახდებაში ნათქვამია, რომ სააღსრულებო წარმოება პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირში არ არის.