გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის განცხადებით, ბრალის დამძიმება მათთვის მოულოდნელი იყო, თუმცა დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოში ბრალდების დამტკიცება ვერ მოხერხდება.

არჩილ ბერიანიძის თქმით, სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება, შესაბამისად არანაირ მტკიცებულებაზე საუბარი არ არის, რომელიც ირიბად მაინც გამოკვეთდა ვახტანგ ჩიქოვანის რაიმე შემხებლობას გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან.

"საქმე გამოყოფილი იყო, შესაბამისად რა მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, ჩვენ უახლოეს ხანში გავეცნობით, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ დაგვხვდება რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რაიმე სახის შემხებლობას ვახტანგ ჩიქოვანისა და გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილისა", — განაცხადა ჩიქოვანის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.

მკვლელობის ბრალდებით ბრალი არ წარუდგენიათ ვასილ მახარაძისთვის, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ჩიქოვანის მანქანას მართავდა. მისი სახელი არ წერია იმ პირების ჩამონათვალში, რომლებიც, უწყების ცნობით, შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს დაედევნენ, შემდეგ ფეხბურთელი სცემეს და წყალში გადააგდეს.