გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ წარმოდგენილი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მათი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა, არ არის რელევანტური.

"აღნიშნულ გამოყოფილ საქმეშიც ახალი ექსპერტიზის დასკვნაც არ არსებობს, რომ საფუძველი ყოფილიყო ბრალის დამძიმების. მე მიჩნდება განცდა, რომ ბრალდების მხარე ცდილობს გული მოუგოს საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც თვლის, რომ ტოიოტა ქამრიში მსხდომი ადამიანები ყველანი არიან მკვლელები", — განაცხადა გაგნიძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, ამით დაცვის მხარეს "გაეხსნა ხელ-ფეხი", რომ ამ კუთხით ჩაატარონ საგამოძიებო ექსპერიმენტები, რის შემდეგაც, ადვოკატის მტკიცებით, ყველა იხილავს, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები "არ არის რელევანტური".

ბრალდებული არჩილ გაგნიძის მეორე ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი კი აღნიშნავს, რომ მკვლელობასთან გაგნიძის შემხებლობა არც ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება. მამულაშვილის თქმით, არ არის არც მოწმეების ჩვენებები, ამიტომ საქმე ვერ დასრულდება იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს გამოძიებას.

ადვოკატის თქმითვე, გაურკვეველია პროკურატურის მიერ საუბარი იმაზე, რომ გაგნიძე და რევაზიშვილი შაქარაშვილთან მეორე მხრიდან ჩავიდნენ.

"ეს რომელი ინფორმაცით დგინდება? ეს არ არის და ფიზიკურად ვერც იქნება, იმიტომ, რომ არავინ ამ ადგილას არ ყოფილა თვითმხილველი მოწმე. ეს არის ვარაუდი", — აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.