ბელარუსის დატოვების შემდეგ სოციალურ ქსელებში სვეტლანა ტიხანოვსკაიას მორიგი ვიდეომიმართვა ვრცელდება, რომელშიც ის დემონსტრანტებს მოუწოდებს ქუჩაში აღარ გავიდნენ.

"მე სვეტლანა ტიხონოვსკაია მადლობას გიხდით სახელმწიფოს მეთაურის არჩევაში მონაწილეობის მიღებისთვის. ბელარუსის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. მადლიერებითა და სითბოთი მსურს მივმართო მათ, ვინც ამ ხნის განმავლობაში მხარს მიჭერდა. ბელარუსელებო, მოგიწოდებთ კანონის პატივისცემისკენ. არ მინდა სისხლი და ძალადობა. გთხოვთ, არ შეეწინააღმდეგოთ პოლიციას, არ გახვიდეთ მოედანზე, რათა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოთ", — ამბობს ტიხანოსვკაია.

ვიდეოში ჩანს, რომ ტიხანოსვკაიას თვალები ძირს აქვს დაწეული, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ტექსტს კითხულობს. როგორც BBC წერს, მას იგივე სამოსი აცვია, რომელიც მას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლისას ეცვა. ჩანს, რომ მიმართვა დღისითაა გადაღებულია. ამასთან, მიმართვა მის ოფიციალურ არხებზე არ გავრცელებულა, თუმცა ინტერნეტში ვრცელდება.

დღეს, 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვკსაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში "უსაფრთხოდ" იმყოფება.

გამგზავრების შემდეგ თავის ვიდეომიმართვაში მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასზე გავლენას ვერავინ იქონიებდა. მისივე თქმით, ის ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით პრეზიდენტ ლუკაშენკოს 80-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ტიხანოვსკაია ამ შედეგს არ ცნობს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკვე დაგმეს ჩატარებული არჩევნები და მას არასამართლიანიც უწოდეს.

ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, დემონსტრანტებისა და სპეცდანიშნულების რაზმის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხმის მიცემის პროცედურის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ამოქმედდა. დედაქალაქში კი არმიის შეიარაღებული ნაწილები შევიდა. საღამოს ექვსი საათისთვის მინსკის ყველა ცენტრალურ მოედანსა და სამთავრობო შენობასთან სპეციალური კორდონი იდგა, გაჩერდა ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, დაიხურა ქალაქიდან შესასვლელი და გასასვლელი გზები

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავებულია, ნაწილი პოლიციამ დააკავა