ბანქოს ბევრი ჩვენგანის ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა: ფურთი, ქურდი ქალი, გაცურობანა თუ ღორობანა განსაკუთრებით ნაცნობი იქნება იმ თაობებისთვის, რომელთაც ბავშვობაში სოციალური ქსელები, ანდროიდები და ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ თავზესაყრელი დროის გასაყვანად.

ბანქო ახლაც შეუცვლელი თავშესაქცევია, როცა ცოტა ხნით მაინც ვივიწყებთ ტექნოლოგიებს და მეგობრებთან ერთად მხიარულებისთვის, არც ისე იშვიათად კი დაუნდობელი დაპირისპირებისთვისაც მზად ვართ.

ამ თამაშის მოყვარულებს ბანქო მრავალგვარი დიზაინით გვინახავს, მათ შორის არიან გიორგი ბიბილეიშვილი და მარინა სარქისიანი, რომელთაც ერთი რიგითი თამაშის დროსაც უბრალოდ გაიფიქრეს, როგორი იქნებოდა ქართული თემატიკის ბანქო და გადაწყვიტეს, მათივე ფანტაზიისთვის შეესხათ ხორცი.

ამ ახალი დიზაინით შექმნილ ბანქოზე საქართველოს ისტორიიდან და კულტურიდან ყველასთვის კარგად ნაცნობი პირები არიან გამოსახულნი: მაგალითად, დედოფალი, რა თქმა უნდა, თამარ მეფეა, როგორც ყველაზე ძლიერი ქალის სახე საქართველოს ისტორიაში.

ფოტო: Georgian National Cards

ჯოკერის შემთხვევაში პეტრე ოცხელის ნამუშევრებია გამოყენებული, რაც თავისი ხასიათით, ვიზუალითა და განწყობით კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ ფიგურებს.

ფოტო: Georgian National Cards

აღსანიშნავია, რომ ამ წამოწყების მიზანი არ არის მხოლოდ ვიზუალურად განსხვავებული და საინტერესო პროდუქტის შექმნა: იდეის ავტორებს სურთ, რომ ბანქოს ამ დიზაინის წარმოებით ამავდროულად ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

სწორედ ამის გამო ბანქოს თან მოჰყვება ინფორმაციული შინაარსის მასალა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მასზე გამოსახული ფიგურების შესახებ ცნობებს მიაწვდის, რაც საერთაშორისო ბაზარზე მისი გატანის შემთხვევაში, დამატებით ხიბლს შესძენს ბანქოს, როგორც ქართული ისტორიის გაცნობის საშუალებას.

ფოტო: Georgian National Cards

როგორც იდეის ავტორები On.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, მათ უკვე დამზადებული აქვთ სატესტო ვერსია რამდენიმე ეგზემპლარის სახით და უფრო ფართო წარმოებისათვის ფინანსურ მხარდაჭერას ეძებენ, რათა ის გაყიდვაში ჩაეშვას და ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს მისი შეძენა.

ფოტო: Georgian National Cards

ამ უჩვეულო და საინტერესო იდეის ავტორები სწორედ გიორგი ბიბილეიშვილი და მარინა სარქისიანი არიან. მათ შორის სწორედ მარინამ იმუშავა ბანქოს დიზაინზე და ფიგურების ილუსტრაციებზე.

სრული პროექტის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.