გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მილიონობით დოლარი დაახარჯა ხელოვნური ინტელექტის შექმნას, რომელსაც ძალადობრივი დანაშაულების პროგნოზირება უნდა შეძლებოდა. საბოლოოდ, მთავრობის წარმომადგენლებს იმის აღიარება მოუწიათ, რომ ხელსაწყოს ერთი გამოუსწორებელი ნაკლი აქვს: ის ყოვლად გამოუსადეგარია; და, ამასთან, სრულიად პროგნოზირებულად, სისტემა ეთიკური პრობლემებითაცაა სავსე.

ქვეყნის პოლიციამ უკვე შეწყვიტა "ყველაზე სერიოზული დანაშაულის" (MSV) სისტემაზე მუშაობა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს "ეროვნული ანალიტიკური გადაწყვეტის" (NDAS) პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა. ის, საბედნიეროდ, პრაქტიკაში ერთხელაც არ გამოყენებულა. ამის მიუხედავად, სისტემასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს, რომლებზეც პასუხის გაცემაც მომავალი კვლევების სწორი მიმართულებით წარმართვისთვისაა მნიშვნელოვანი.

ალგორითმის მუშაობის პრინციპი ასეთი გახლდათ: ის ადამიანებს ქულებს იმის მიხედვით მიაწერდა, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ მათ მომავალი ორი წლის განმავლობაში ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის გამოყენებით ჩაედინათ დანაშაული.

სისტემის გამოსაწვრთნელად გაერთიანებული სამეფოს პოლიციის ორი დეპარტამენტის ორი განსხვავებული მონაცემთა ბაზა გამოიყენეს, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულებზე და პატიმრობის ოქმებზე ინფორმაციას შეიცავდა.

ეს სისტემა, მთავრობის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ნაკლოვანებებით იყო სავსე. "კოდირებისას დასწავლითი მონაცემების განსაზღვრებაში შეცდომა იყო დაშვებული, რაც MSV-ის პრაქტიკაში გამოყენებას შეუძლებელს ხდის", — ეწერა მარტში გაკეთებულ ანგარიშში, — "დამტკიცდა, რომ ამჟამად ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ ხერხდება საჭირო ხარისხის სიზუსტით იმის წინასწარ დადგენა, რომ ადამიანი თავის პირველ MSV დანაშაულს ჩაიდენს ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით".

თავდაპირველად ნავარაუდები იყო, რომ ხელოვნური ინტელექტის პროგნოზის სიზუსტე 70 პროცენტზე მაღალი იქნებოდა, თუმცა ადრეულმა ტესტებმა ცხადყო, რომ სისტემას ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით ძალადობის ჩადენის ფაქტის წინასწარმეტყველება 20 პროცენტზე ნაკლები სიზუსტით შეეძლო.

პოლიციამ სისტემის განვითარებაზე მუშაობა კი შეწყვიტა, მაგრამ ექსპერტები მაინც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 100%-იანი სიზუსტის მიღწევის შემთხვევაშიც კი, მომავალში მსგავს პრინციპზე აგებულ სისტემებში ასაკთან თუ ეროვნებასთან მიმართებით მიკერძოებები მაინც იარსებებს.