გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით სწორად და სამართლებრივად გამართულად არიან მიცემული. ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ისაუბრა.

"საუბარია ტოიოტა ქამრის 5 მგზავრზე. რამდენჯერმე დავაფიქსირეთ მოსაზრება მძღოლთან, მე-6 მგზავრთან დაკავშირებით და არ ვიცოდით, რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა, ვინაიდან სპეციფიური ამპლუა იყო. საბოლოოდ დადგინა, რომ 5-მა პირმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. დღეს არსებული მტკიცებულებებით, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება. სასამართლოში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია", — განაცხადა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, გარდა ტოიოტა ქამრის მგზავრებისა, შემთხვევის ადგილას სხვა პირები არ ფიქსირდებოდნენ და ვერ იქნებოდნენ დანაშაულის მონაწილეები. შაქარაშვილის ბიძა აცხადებს, რომ ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალყურს. ნიკოლაძე ასევე ამბობს, რომ ოჯახი ამ საქმეს ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რათა არ მოხდეს დაპატიმრებულების ვადაზე ადრე გათავისუფლება ან შეწყალება.