საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 19 ივნისის ღამით თბილისიდან მცხეთაში 8 ავტომანქანა ჩავიდა, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა იმყოფებოდა. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ 8 მანქანიდან 5 ნაძალადევიდან გავიდა, ხოლო სამი საბურთალოდან.

"გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი - ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ", — აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს.

უწყებაში ამბობენ, რომ გიორგი შაქარაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს დაედევნენ ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვნები: ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის.

"გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა", — აღნიშნავენ პროკურატურაში.