ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, კავკასუს ონლაინი, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანაში კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიია აგორებული.

"კავკასუს ონლაინი ბოლო პერიოდში ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ. ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნე და დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ამ უმნიშვნელოვანესი კომპანიისთვის რომ მიიღეს, დღეს ამას აღარავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ", — ნათქვამია განცხადებაში, — "უფრო მეტიც, დარგობრივ-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, ამას პირდაპირ, საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის არგუმენტები, რომლითაც 'კომუნიკაციების კომისია' ანუ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი ინიციატორი, თავს იმართლებს და რომელზეც დაინტერესებული პირები აპელირებენ".

კავკასუს ონლაინის განმარტებით, საუბარია ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო ჰაბზე:

"ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ დაინტერესებული პირის მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, თითქოს საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის სტატუსი ეჭვქვეშაა და, რაც მთავარია, თითქოს ციფრული ჰაბის სადმე, რომელიმე ქვეყანაში გადატანაზეა საუბარი".

"როდესაც საქართველოს ინფორმაციულ ჰაბად ტრანსფორმაციის პროცესზე, საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის სტატუსის 'ეჭვქვეშ დაყენებაზე', და რაც მთავარია, ციფრული ჰაბის სადმე, რომელიმე ქვეყანაში გადატანაზეა საუბარი, ვფიქრობთ, აუცილებელია განმარტებები, თუ რას ნიშნავს 'ტრანსფორმაციის პროცესი', 'ციფრული ჰაბის სტატუსი'", — ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას მხოლოდ ის შეიძლება ჰყავდეს მოკავშირედ, ვის გეგმებშიც არ შედის ამ ჰაბის ტრანსფორმაცია.