აღსრულების ეროვნული ბიურო ჯაფარიძის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სააღსრულებო წარმოება პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირში არ არის.

მათი განცხადებით, მოვალეს, კანონის შესაბამისად, შეზღუდვა დაწესებული აქვს მხოლოდ ჯარიმის თანხის ოდენობაზე და მას აქვს შესაძლებლობა სურვილისამებრ განკარგოს დანარჩენი თანხა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო დაიწყო 2020 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყეს.

"სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესება. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა საბანკო ანგარიშებთან და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს.

ამავდროულად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 2018 და 2019 წლებში შემოსული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კიდევ ორი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მასთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, უარს აცხადებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაზე", — აღნიშნულია განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრა დააანონსა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.

"მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა.

ზურაბ ჯაფარიძე გასული წლის ნოემბერში, პროპორციულ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოგვიანებით კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯაფარიძე აცხადებდა, რომ იგი არ აპირებდა ჯარიმის გადახდას, რადგან უსამართლოდ მიიჩნევდა.

გირჩის ლიდერის განცხადებით, მას ჯამში სახელმწიფოს მხრიდან 7 "უსამართლო" ფულადი ჯარიმა აქვს, მათ შორის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით ჩატარებული აქცია-სეირნობისთვის, როდესაც იგი 3 000 ლარით დააჯარიმეს.