საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფიქრობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მალე დასრულდება.

"ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ, გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. FBI თუ საჭირო იქნება, ჩაერთვება, ექსპერტიზის მიმართულებით სავარაუდოდ, თუ დაგვჭირდება. თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მიდიან, მუშაობენ", — განაცხადა გომელაურმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. მათთვის გაურკვეველია, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში. შსს-ს განმარტებით, მანქანის მოძრაობის მარშრუტი და შემთხვევის ადგილს არ ემთხვევა, რის გამოც მანქანა მალე ვერ მოიძებნა.

უწყებაში ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერებით, ბაჩალიაშვილის სხეულზე ძალადობის კვალი არაა. დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით, კი ცხედარზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, რადგან გვამური მოვლენები შორსაა წასული.

გარდაცვლილის მანქანაში ამოღებულია სხვადასხვა მედიკამენტი. ადვოკატის თქმით, ისინი ფსიქოტროპული არ არის. შსს-ში აცხადებენ, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს შეიძინა წამლები და ცდილობენ დაადგინონ მანქანაში იგივე წამლებია თუ არა. გარდა ამისა, მანქანაში იპოვეს ჩანაწერი ანაბრის გამოყენების შესახებ. შსს-ში ამბობენ, რომ ბანკიდან ინფორმაცია ამოიღეს და ამოწმებენ.

ამასთან, უწყება ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე თვითმკვლელობის მეთოდებს Google-ში ეძებდა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 23 წლის გოგომ Facebook-ზე მოძებნა ინფორმაცია, რა მოსდის მის ანგარიშს გარდაცვალების შემდეგ.

სოციალურ ქსელებში და მედიაში გაჩნდა კითხვები ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებით. ბაჩალიაშვილს LinkedIn-ის თანახმად, დეველოპერად ორ კომპანიაში, ზეგ-სა და ავსტრიულ Spryflash-ში მუშაობდა. კომპანია ზეგში დღეს შსს შევიდა. დირექტორი ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ზეგ-ში საქმიანობას არ უკავშირდება.