9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს ევროკავშირი ეხმაურება. განცხადებაში მკაფიო მოწოდებები ისმის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემასა და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში მოქცევის თაობაზე.

ევროკავშირის განცხადებით, მხოლოდ ადამიანების უფლებების დაცვა, დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოფს ბელარუსის სტაბილურობას.

"არჩევნების ღამეს სიტუაცია გაუარესდა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული და მიუღებელი სახელმწიფო ძალადობის შემდეგ. აღნიშნული შეტაკება დასრულდა 1 მოქალაქის სიცოცხლის მოსპობითა და სხვა ბევრის დაზიანებით. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვითხოვთ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბელარუსელმა თანამდებობის პირებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება", — ნათქვამია საერთო განცხადებაში.

განცხადებისვე მიხედვით, ბელარუსლი ხალხი ელოდება, რომ მათი ხმები სწორად და სამართლიანად იქნება დათვლილი და მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნოს ის შედეგი, რომელიც ბელარუსელი ხალხის განწყობის შესაბამისია.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყანაში მოვლენების განვითარებას იმისთვის, რომ შევაფასოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს შემდეგში ევროკავშირის საპასუხო ქმედების ფორმირება და როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ბელარუსთან მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით", — ნათქვამია განცხადებაში.

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

ბელარუსში პროტესტი გრძელდება. პროტესტანტები არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახლა მის სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ.

არჩევნების თემაზე განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა.